ინდიუზმი
ინდუიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) ისლამის, ქრისტიანობის, სიქიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს.
ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო–დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.
არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ბარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ.
გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯაინაზმი ერთერთ ინდურ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა ძალიან მცირეა.
ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ-სამაია ან ჰინდუ-დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტობრივად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული.
http/www.wikipedia.org/
No comments:
Post a Comment